საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა, სადაც მან არჩევნების დაკვირვების საქმეში მათ მნიშვნელობასა და მომდევნო არჩევნებისთვის მათ გამოცდილებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტი დღეს, 15 ნოემბერს კოალიციას “ჩემი ხმა”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა” (საია) და “სამართლიან არჩევნებს” შეხვდა.
“თუ გადახედავთ დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებას, რაც გვაქვს პირველი დღიდან. თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ და რომლებიც დარჩება, როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულებები. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, რადგან იქნება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ იქნება არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ შედგა და ამას არავინ შეეგუება, ამიტომ, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს იმიტომ, რომ გექნებათ ეს გამოცდილება, იცით უკვე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა, ალბათ კიდევ ცვლილებები იქნება შეტანილი, მაგრამ მაინც არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია”, – თქვა პრეზიდენტმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.
ფორუმი