ECHR-მა ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის საქმეზე დისკრიმინაციის მუხლის დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის მაია ბაქრაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი) მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის 4 500 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აწარმოებდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მითითებული იყო, რომ მაია ბაქრაძე გახდა განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან, მისი და მოსამართლეთა ერთობის კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8, მე-10, მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.
მაია ბაქრაძე 2015 წლის 22 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდა. 2015-2016 წლებში მან მოსამართლეთა შესარჩევ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე.