სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება – სახე დაკარგა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ ჩარჩოს გასცდა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით არის დაკავებული.
„ეს ადამიანი საერთოდ გასცდა ყველანაირ ჩარჩოს. არ ვიცი, სახე დაკარგა. ის დღეს დაკავებულია, რომ ქვეყანას მიაყენოს ზიანი. მერწმუნეთ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არაფერი დააკლდება. მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე. ვინ არის, რას წარმოადგენს, საიდან იმართება. დააკვირდით მის განცხადებებს. პრეზიდენტი გქვია და გამოდიოდი, ამბობდი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. ეს არის ჩვეულებრივი მავნებელი. სხვას არაფერს ვიტყვი, გვარამია გეტყვით მაგასთან დაკავშირებით…,“ – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატები უმოქმედობისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის მათ დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.