მოლდოველმა ხალხმა თქვა: უმრავლესობას სურს გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ. გულითადად ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოველმა ხალხმა აჩვენა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჰიბრიდულ ომს.
„ხმების მოსყიდვა, წინასაარჩევნო მანიპულაცია და ბომბის მუქარა მოლდოვის საარჩევნო უბნებზე – გერმანიაშიც კი: ამ ქმედებების სამიზნე ევროპული დემოკრატიის გულია. პუტინი არაფერზე ჩერდება. მაგრამ მოლდოვა არ შეფერხდება თავის გზაზე. ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ჰიბრიდულ მოხრჩობას. ეს იწვევს ჩვენს პატივისცემას. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას“, – წერს ბერბოკი.