ზურაბიშვილი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სიტყვით გამოსვლით გახსნა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და პოლიტიკოსები 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგებს აპროტესტებენ.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე.
„თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე… სანამ არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ესაუბრა საერთაშორისო მედიასაშუალებებს და ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებს. პრეზიდენტის შეფასებით, მკაფიო განცხადება ჰქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ერთი გამონაკლისის გარდა, არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
„გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა] არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ს განცხადებით, უნდა გამოჩნდეს სრული სურათი, როგორ შეიქმნა ხმების უპრეცედენტო, სისტემური წართმევა, წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელმაც „წაგვართვა პარლამენტი და კონსტიტუცია“. მან დაამატა, რომ „არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს“.
რუსთაველის გამზირზე აქცია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს. ის ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის და სხვა დარღვევების ფაქტები დააფიქსირეს, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგებზე, თუმცა მათ არჩევნები გაყალბებულად არ შეუფასებიათ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დასკვნებზე დაყრდნობით, არჩევნები არ გამოცხადებულა “თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად”.
ევროპელ ლიდერთა ნაწილი მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას დარღვევების შესახებ ცნობების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს.
პრემიერი ოპოზიციას კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ მისი გუნდი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია, ბრალდებები კი – მიკერძოებული და მცდარი.
სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს “რუსული სპეცოპერაციის” შედეგად მიიჩნევს. რუსეთმა არჩევნებში რაიმე ჩარევის შესახებ ბრალდებები მალევე უარყო და თქვა, რომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება უსაფუძვლოა.