ივანიშვილის დრო დასრულდა! – უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ასევე უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს.
„მოხდა ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, კვირის და დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა! ეს ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.
ქართველმა ხალხმა ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ, ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ხალხისგან ვეპყრობით დიდი პასუხისმგებლობით. უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში!
მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტია“, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ხელმომწერია. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა. ჩვენი ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნდეს. ეგზიტპოლში ოპოზიციამ დიდი, 10%-იანი უპირატესობით მოიგო. დარწმუნებულ ვარ, საარჩევნო შედეგებში ეს უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნება“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.