სალომე ზურაბიშვილი: მივეცი ხმა იმ საქართველოს რომლისთვისაც ლოცულობდა ჩემი ყველა წინაპარი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბარი თავისი არჩევანზე საუბრისას თქვა, რომ ხმა მისცა ახალ საქართველოს.
“მთელ საქართველოს მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა “ვის”, ამჯერად, მივეცი “რას”, მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ, მე მივეცი ხმა იმ საქართველოს რომლისთვისაც ლოცულობდა ჩემი ყველა წინაპარი. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ყველანი ვიქნებით გამარჯვებული, დამარცხებული არავინ არ იქნება, იმიტომ რომ გაიმარჯვებს საქართველო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან, ხმა 67-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.