გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში ჩავიდა BRICS-ის სამიტზე დასასწრებად

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ჩავიდა ს თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში, სადაც პრეზიდენტი პუტინი მასპინძლობს ბრიკსის (BRICS) მე-16 სამიტს.
ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ შექმნილი გაერთიანების ლიდერთა სამიტი 22 ოქტომბერს გაიხსნა და 24 ოქტომბერს დასრულდება.
რუსეთის სახელმწიფო საგენტოების მიერ დღეს, 23 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებით, ბრიკსის სამიტში მონაწილეობისთვის ყაზანში ჩასულ ანტონიუ გუტერეშს აეროპორტში დახვდა თათრეთის რესპიბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ფარიდ მუხამეტშინი.
ორგანიზაცია, სახელწოდებით ბრიკი 2006 წელს დააფუძნეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. მათ 2010 წელს შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში მიიწვიეს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჯგუფი შეიქმნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების მიზნით, რათა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის უფრო მდიდარი ქვეყნების ალტერნატივა გაჩენილიყო. ბრიკსის წევრები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს უმთავრეს საფინანსო ორგანიზაციებში დასავლეთის სახელმწიფოები დომინირებენ და საჭიროა მათი საპირწონე.
ყაზანის სამიტს ბრიკსის წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა ესწრება ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მეთაურიც, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი.