ჩემი თაობის მისიაა დამოუკიდებლობის ჩირაღდნის შენარჩუნება, ჩვენი თავისუფლების დაცვა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ილიას, სულხან-საბას, მერაბ კოსტავას იდეების გამარჯვება. დიახ, მე მჯერა რომ საკითხი სწორედ ასე დგას – 27 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ ახალი 25 თებერვლის გათენება, საქართველოში ახალი 26 მაისი უნდა დადგეს. არასდროს არ უნდა ეხუროს თალხი, არასდროს არ უნდა დუმდეს სიონი და ხალხი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ვაკის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორ სანიკიძემ აღნიშნა, ამომრჩევლის „თითოეული ხმა არის იერიქონის საყვირი, რომელიც დაანგრევს იმ კედელს, რაც პატარა რუსმა ოლიგარქმა ამოაშენა საქართველოს და ევროკავშირს შორის“.
“ვარ ამაყი რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ თქვენ საქართველოს პატრიოტებს. ადამიანებს, რომლებმაც ამ 12 წლის მანძილზე გაიარეთ უმძიმესი დღეები, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, მაგრამ ზუსტად 2 კვირაში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. დიახ, სწორედ ეს ძალა იყო ის მთავარი მიზანი რომლის გამოც ვერ წაგვაქციეს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ ადგილას, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ავიდგი ფეხი მომიწევდა სიტყვის თქმა, რომ 2 კვირაში არ უნდა დავუშვათ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება.
მე დავიბადე ბნელ საქართველოში, 90-იანი წლების იარებით, საქართველოში რომელიც იყო დსთ-ს წევრი. მე ვარ ის თაობა, რომელსაც არ უნახავს სოხუმი და ცხინვალი. მე აღარ მინდა, რომ ჩემი თაობა დროს ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ატარებდეს. მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომლისთვისაც ქართველობა მაშასადამე ევროპელობაა. და ეს სულ რამდენიმე თვის წინ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ. ეს არის ჩემი თაობის მისია.
წარსული ვერ აჯობებს მომავალს – დიახ, სწორედ ჩემი თაობის მისიაა დამოუკიდებლობის ჩირაღდნის შენარჩუნება, ჩვენი თავისუფლების დაცვა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ილიას, სულხან-საბას, მერაბ კოსტავას იდეების გამარჯვება.
დიახ, მე მჯერა რომ საკითხი სწორედ ასე დგას: 27 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ ახალი 25 თებერვლის გათენება, საქართველოში ახალი 26 მაისი უნდა დადგეს. არასდროს არ უნდა ეხუროს თალხი, არასდროს არ უნდა დუმდეს სიონი და ხალხი.
თავის სიტყვას იტყვის თბილისიც – დაასრულებს კრემლის მართულ ოცნებას. თბილისი ჭავჭავაძის გამზირია, თამრიკო ჭოველიძის ქუჩაა, თავისუფლების მოედანია და ჩემი ქალაქი არასდროს იქნება მოსკოვის გამზირი.
ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზია, რომ ამ ქვეყანას ყრიან ნამუსს! 27 ოქტომბერს უნდა გავიღვიძოთ საქართველოში, სადაც არ უხდიან ბოდიშს სეპარატისტსა და ოკუპანტს; სადაც შეურაცხყოფას არ აყენებენ გიორგი ანწუხელიძეს, გურამ გაბისკირიას, ჟიული შარტავას; სადაც შაჰ-აბასს არჩევენ აღა მაჰმად ხანისგან; სადაც ქართული კულტურის, ჩვენი სარწმუნოებისა და განათლების დაცვა გელათის გუმბათის დაცვით იწყება; სადაც სახელმწიფო ერთი კაცის ხოშზე აღარ იმართება; სადაც რუსები არ იწონებენ ჩვენ საქციელს; ცხოვრება აღარ უნდა იყოს ბრძოლა არსებობისთვის; სადაც მეგობარ მტრად არ გვიცხადებენ და მტერს მეგობრად; სადაც არსებობს პერსპექტივის განცდა; სადაც პრეზიდენტებს რუსეთის დავალებით არ სჯიან, იმისთვის რომ არშემდგარი სახელმწიფოსგან საქართველო იქცა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ, და იმის გამო რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს.
უნდა დავასრულოთ საერთაშორისო იზოლაცია – მე გავიზარდე სახელმწიფოში სადაც ამერიკის პრეზიდენტების, ვიცე პრეზიდენტების ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
ვერ გადაწერ ბიძინა ისტორიას, არ მოვიხდით ბოდიშს, არ აგაყრევინებთ ქვეყნისთვის ნამუსს, არ შეგამუსვრინებთ საქართველოს, არ გაგაყალბებინებთ არჩევნებს, მოემზადეთ ხელისუფლების გადაბარებისთვის, დააწერინეთ სიტყვა.
არ მისცე ხმა გელათის ნგრევას, მტრისთვის ბოდიშის მოხდას, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი საქართველო.
ჩვენი თითოეული ხმა არის იერიქონის საყვირი, რომელიც დაანგრევს იმ კედელს, რაც პატარა რუსმა ოლიგარქმა ამოაშენა საქართველოს და ევროკავშირს შორის.
რუსეთისგან ღალატის ისტორია, 1998 წელს გამოსცა ბაბუაჩემმა წიგნი რომელსაც ჰქვია ვაი რუსისგან, სადაც დეტალურადაა აღწერილია საქართველოს გაყიდვისა და ჩაგვრის ისტორია, სადაც წიგნის ბოლოს ავტორი წერს, – საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისკენ ვითარცა ღვთისაგან აღთქმული ქვეყნისკენ. მე მინდა რომ ეს სურვილი შევასრულო და თქვენთან ერთად, თქვენი თანამებრძოლებით დავსვა ბოლო წერტილი ამ წიგნში და სულ მალე ვთქვა – საქართველო, ერთიანი, ღირსეული, თავისუფალი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა. აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა! ქართველობა მაშასადამე ევროპელობაა! ზღაპრის ბოლო კეთილია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.