“ოცნება” პრეზიდენტს მეორედ უჩივის და მის იმპიჩმენტს ითხოვს

“ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტ ს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს უკვე მეორედ იწყებს. მიზეზი ისევ პრეზიდენტის ვიზიტებია ევროპაში, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს განაცხადა.
პაპუაშვილმა ის ევროპელი ლიდერებიც გააკრიტიკა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საუბარია ემანუელ მაკრონზე, შარლ მიშელზე ანჯეი დუდაზე და ა.შ.
“თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თუმცა იმპიჩმენტისთვის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი არაა, საჭიროა 100 დეპუტატის თანხმობაც, რაც “ქართულმა ოცნებამ” ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეაგროვა და პრეზიდენტის გადაყენების გეგმაც ჩავარდა.
პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მეორედ დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ისედაც რამდენიმე თვეში ეწურება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 4 ქვეყანაში – გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიასა და საფრანგეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ევროპული ტურნეს განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა ჯამში 9 შეხვედრა გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც, 23-26 სექტემბერს მან მხოლოდ 2 შეხვედრა გამართა.