სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები – რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ სკოლებმა

ექსკურსია თანაკლასელებთან ერთად სკოლის კედლებს გარეთ, ბუნებაში დროის მხიარულად გატარებასთან ასოცირდება. სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ამ ღონისძიების ორგანიზებაც აქტიურ ფაზაში გადადის. ხშირად სადავო ხდება ექსკურსიის დესტინაცია. არჩევანი მრავალფეროვანია. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა კი რაც უფრო მეტია, მით უფრო რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოსანახულებელი ადგილების სასურველი ჩამონათვალი ბევრია.
ექსკურსიის დაგეგმვის დროს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც არავინ დავობს უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველყოფაა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები სათანადო სატრანსპორტო საშუალების შერჩევის პროცესში ძალისხმევას არ იშურებენ.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, როგორია სასკოლო ექსკურსიების მოწყობის წესები და რეგულაციები. საკითხს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება არეგულირებს. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ან მოწყობილი ღონისძიების დროს მგზავრთა გადაყვანისას გარკვეული მოთხოვნების დაცვა აუცილებელია.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
· ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც მძღოლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასტურდება. ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
· საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებშიც გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს და ყველა მგზავრი უნდა სარგებლობდეს უსაფრთხოების ღვედით.
თუ ექსკურსიის ფარგლებში დასაფარი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც მას საჭესთან შეცვლის და აკმაყოფილებს ზემოთ ნახსენებ მოთხოვნებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა სათანადო შიგთავსით.

ასევე დაგაინტერესებთ