„პატარა სასტუმროებს გაუჭირდათ ოპერირება შემცირებული მოთხოვნის და გაზრდილი კონკურენციის გამო“ – მაია სიდამონიძის სასტუმრო The Terrace იხურება

ბუტიკური სასტუმრო The Terrace, რომელიც თბილისში კაკაბაძის ქუჩაზე სტუმრებს 2014 წლიდან იღებს, იხურება. ამის შესახებ ადმინისტრაციამ სასტუმროს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
„ძვირფასო მეგობრებო, 1-ელი ოქტომბრიდან სასტუმრო ტერასა წყვეტს მუშაობას და იხურება. მადლობას გიხდით ათწლიანი ერთგულებისთვის და თანამშრომლობისთვის“.
BMG სასტუმროს მფლობელს მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა, რომელიც დახურვის მიზეზად დედაქალაქში სტუმარმასპინძლობის სექტორში გაზრდილ კონკურენციას ასახელებს.
„პანდემიის შემდეგ ბიზნესმა ვერ მოახდინა ისეთი რეაბილიტაცია, რომ მოგებიან ბიზნესად შენარჩუნებულიყო. სასტუმროს სჭირდებოდა კაპიტალის ჩადება, გარემონტება და სიახლეები, რაც რესურსების არარსებობის გამო ვერ მოვახერხეთ. ბაზარზეც პატარა სასტუმროებს გაუჭირდათ ოპერირება შემცირებული მოთხოვნის და გაზრდილი კონკურენციის გამო და მიუხედავად იმისა, რომ დატვირთვა ნამდვილად არ იყო ცუდი, ხარჯები გაიზარდა და ბევრი პატარა სასტუმრო მოგებაზე ვეღარ გადიოდა. შესაბამისად, რამდენიმე წელი ვიბრძოდით, რომ სესხი დაგვეფარა, მაგრამ რადგან სასტუმრო სესხს ვერ ემსახურებოდა, გადავწყვიტეთ პასიურ შემოსავლად გვექცია“, – განმარტა მაია სიდამონიძემ და დასძინა, რომ უძრავ ქონებას, რომელიც ასევე მის საკუთრებაშია ის გაქირავებს.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ბოლო სართულზე, საიდანაც თბილისზე ხედები იშლება, სავარაუდოდ კვლავ რესტორანი ამოქმედდება, შენობის დანარჩენი ნაწილი საოფისედ იქნება გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ