გერმანიაში ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა იკლებს

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ყოველწლიური სახალხო ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი” დაიწყო, რომელიც 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამ დროს მიუნხენში უზარმაზარი რაოდენობის, დაახლოებით 7 მილიონი ლიტრი, ლუდი ჩააქვთ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა, რადგან ტურისტების დიდი რაოდენობა უალკოჰოლო ლუდის დალევას ამჯობინებს…
გერმანიაში სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ეძებს ლუდის გემოს მსგავს სასმელს, რომელიც უალკოჰოლო იქნება და შესაბამისად, მეორე დღეს ნაბახუსევიც არ შეაწუხებთ.
გერმანიის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, უალკოჰოლო ლუდის წარმოება და შესაბამისად, მოთხოვნა ბოლო 10 წელიწადში გაორმაგდა.
ერთ-ერთი გერმანული ბარი „ველვეტი“ გახსნის დღიდან უკვე მე-7 წელია მომხმარებლებს უალკოჰოლო კოქტეილებს სთავაზობს.
„ვფიქრობ, რომ ხალხი უფრო და უფრო აცნობიერებს, თუ როგორი ნეგატიური ზეგავლენა აქვს ალკოჰოლს ორგანიზმზე. რაც უფრო დიდი დრო გადის, ჩვენ ბართან ერთად ჩვენი ერთგული მომხმარებლების ასაკიც იზრდება და ვცდილობთ, რომ მათ ჯანმრთელობას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ”, – ამბობს ბარმენი რუბენ ნეიდეკი.
ბერლინში მდებარე ერთ-ერთმა ლუდსახარშმა ევრონიუსს განუცხადა, რომ მათი უალკოჰოლო ლუდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჩამოსასხმელი ლუდია. ოქტობერფესტზე წელს პირველად გაიხსნა უალკოჰოლო ლუდის კუთხე.
„ლუდსახარშების ეროვნული ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2015 წლიდან ლუდის გაყიდვები სტაბილურად იკლებს. ყველაზე დიდი ვარდნა 2020 წელს იყო, როცა პანდემიისას ბარები, კლუბები, რესტორნები და სხვადასხვა გასართობი ადგილი დახურეს”, – ამბობს კრისტინა იოვანოვსკი, ევრონიუსი.
უალკოჰოლო ლუდის ტენდენცია ბოლო წლებში ალკოჰოლის მიღების რისკებთან დაკავშირებით ხმამაღალმა საუბარმა გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მისი მოხმარების არც ერთი დონე არ არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
წყარო: euronewsgeorgia