თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ პროცესზე მოვიდეს, მაშინ სასამართლო მას გამოიძახებდა,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვინაიდან სააკაშვილის ჩართვა დისტანციურად ხორციელდება, ეს სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.
„დღეს ვნახეთ პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში, სრულიად მარაზმატიკული გადაწყვეტილება, რითაც მიხეილ სააკაშვილს არ მისცეს საშუალება, რომ ვიდეოჩართვით ჩართულიყო და მხოლოდ ხმა ისმოდა. 21-ე საუკუნეში, ბრალდებულს შესაძლებლობას არ აძლევენ, რომ პროცესზე ისე მონაწილეობდეს, რომ მისი ვიზუალი ჩანდეს მის საუბართან ერთად. ასეთი რამე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში არასდროს ყოფილა, „კოვიდის“ პერიოდშიც, ყველა ვიდეოჩართვით ხორციელდებოდა. უფრო მეტიც, პროცესი, სადაც პირის იდენტიფიცირება ვიდეოგამოსახულებით არ ხდებოდა, არ ტარდებოდა. ეს მარაზმია, სამართლებრივ შეფასებას ამ საქმეს ვერ მივცემთ, ადამიანს პროცესზე მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ და მხოლოდ მისი ხმა ისმის. გვახსოვს, რომ სააკაშვილის პროცესებს საერთოდ არ ნიშნავდნენ, ახლა საერთოდ ახალ მწვერვალებს იპყრობენ. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს, რომ პროცესზე მოვიდეს, მაშინ სასამართლო გამოიძახებდა, ანუ სასამართლოს მიაჩნია, რომ დისტანციური ჩართვის საჭიროება დგას. თუ ამის საჭიროება დგას, მაშინ დისტანციური ჩართვა ადეკვატურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მისი ვიზუალი ჩანდეს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და შესაბამის სამედიცინო პროცედურებს გადის“, – განაცხადა ბასილაიამ.
დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო, თუმცა, მისი ჩართვა ვიდეოგამოსახულებით არ მომხდარა, ვინაიდან სასამართლო პროცესი იმ დარბაზში ჩატარდა, სადაც აღნიშნულის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელი არ იყო. ამ ფაქტს ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.