„ტრადიციული ტიპის რესტორნების მომგებიანობა საკმაოდ დაბალია“ – როგორია სარესტორნო ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლები?

სარესტორნო ბიზნესს 7 კომპანიის მაგალითზე ორგანიზაცია Finspot გაეცნო. შპს “წისქვილი ჯგუფი” (წისქვილი • Tsiskvili | თეატრი •Theatre), შპს “აგავა” (Strada • სტრადა | Oro • ორო), სს “ქართული ღვინის კოოპერაცია” (8000 მოსავალი / 8000 Vintages), შპს “ჯმტ ქარხანა” (Veriko . ვერიკო | Kikodze • ქიქოძე | Khinkali by Veriko), შპს “HB მადიანი” (“HB სამეფო კარის ლუდი”), შპს “ქეთო და კოტე” (ქეთო და კოტე • Keto and Kote), შპს “ზალა” (Zala Restaurant & Cellar • ზალა რესტორანი და მარანი), კომპანიებიდან პირველი 5 სარესტორნო ჯგუფს წარმოადგენს და რამდენიმე რესტორანს აერთიანებს.
„ქეთო და კოტე“, „ზალა რესტორანი“ და „მარანი“ კი ერთ ლოკაციაზე არსებული რესტორნებია.
„წისქვილი“ უმსხვილესი ადგილობრივი სარესტორნო ქსელია საქართველოში, რომელიც 6 ობიექტს აერთიანებდა 2022 წლის ბოლოს და წელს კიდევ ერთი რესტორანი შეემატა „წისქვილი ტერასას“ სახით.
„აგავა“ 5 რესტორანს აერთიანებს: სტრადა-ს ფილიალი, რომელიც ამერიკულ და აზიურ სამზარეულოზე ფოკუსირდება და 2 „ორო“-ის ფილიალი, რომელიც ქართულ რესტორანს წარმოადგენს. „ოროს” მეორე ფილიალი 2023 წელს გაიხსნა, “აგავას” წარმოდგენილი ფინანსები ჯამურად მხოლოდ 4 რესტორანს მოიცავს.
„8000 მოსავალი“ ქსელური ღვინის მაღაზია-ბარია, ვინაიდან ღვინის საცალო და საბითუმო რეალიზაცია შემოსავლების მნიშვნელოვან წილს იკავებს, კომპანიის მარჟები განსხვავდება სხვა წარმოდგენილი რესტორნებისგან.
„ჯმტ ქარხანა“ აერთიანებს 3 კვებით ობიექტს “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე: „ვერიკო“ (თანამედროვე ქართული სამზარეულო), „ქიქოძე“ (კოქტეილ ბარი) და Khinkali by Veriko (ადრე ოპერირებდა ბრენდით “Mito by Veriko”).
„HB სამეფო კარის ლუდი“ სარესტორნო ქსელია, რომელიც ძირითადად ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს და გერმანულ ლუდს სთავაზობს მომხმარებლებს. ამჟამად აერთიანებს 6 ობიექტს, თუმცა წარმოდგენილ ანალიზში არ შედის რიკოთზე არსებული HB-ის ფილიალი, ვინაიდან აღნიშნული ობიექტი ცალკე იურიდიულ პირად არის რეგისტრირებული.
„ქეთო და კოტე“ და „ზალა რესტორანი“ არაქსელური რესტორნებია და ორივე ქართულ სამზარეულოს სთავაზობს მომხმარებლებს.
„სტანდარტული რესტორნების მომგებიანობის მაჩვენებლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაბალია. მაგალითად, საოპერაციო მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია, EBITDA მარჟა კი 6%.
პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში არსებული მაღალინფლაციური გარემო და მწვავე კადრების დეფიციტი კი დამატებით წნეხს ქმნიდა ხარჯებზე და მომგებიანობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. კადრების დეფიციტის ფონზე, რესტორნებს თანამშრომლების ხელფასების ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. მაგალითად, „წისქვილი” 2018 წელს შემოსავლების 24%-ს ხარჯავდა ხელფასებზე, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა.
განხილული რესტორნების უმეტესობას არ რჩება საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები მფლობელებზე დივიდენდის გასაცემად და, ხშირ შემთხვევაში, არც საჭირო კაპიტალური დანახარჯების გასაწევად. მიუხედავად იმისა, რომ „წისქვილი“ ₾4.1 მილიონის დივიდენდი აქვს გაცემული 2019-22 წლებში, ამას კომპანია ვერ შეძლებდა რომ არა ₾5 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებების რეალიზაცია.
HB-ი კი დივიდენდის გაცემას ახერხებს ძირითადად იმის ხარჯზე, რომ კომპანიაში დამატებით კაპიტალურ დანახარჯებს არ აკეთებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Finspot-ს განხილული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიშები.
„წისქვილი“ უმსხვილესი ადგილობრივი რესტორნების ქსელია, რომლის შემოსავლებმაც ₾32 მილიონი შეადგინა 2022 წელს. აქედან, სარესტორნო მომსახურებაზე მოდის ₾25.9 მილიონი. დანარჩენი ₾6.2 მილიონის მოცულობის შემოსავალი სავარაუდოდ უკავშირდება “წისქვილის ბაზარს”, რომლის მეშვეობითაც კომპანია ახდენს სხვადასხვა პროდუქტებისა და მზა საკვების საცალო რეალიზაციას. 2019-22 წლებში “წისქვილის” შემოსავლები თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა, რაც დიდწილად ამ პერიოდის განმავლობაში 3 ახალი ობიექტის დამატებითაა განპირობებული.
„წისქვილი” ზრდის ტემპით მხოლოდ „8000 მოსავალი“-ს ჩამოუვარდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმეტესობის საერთო მოგების მარჟები (gross profit margins) შემცირდა პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით. მაგალითად, 2019-22 წლებში “წისქვილის” და “აგავას” საერთო მარჟები შემცირდა 14 და 7 პროცენტული ფუნქტით შესაბამისად. 2019-22 წლებში საერთო მოგების მარჟების შემცირების ტენდენცია დიდწილად გამოიწვია მაღალი ინფლაციის ფონზე გაზრდილმა თვითღირებულების ხარჯებმა.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალოდ 47%-ია. საოპერაციო მოგებისა და EBITDA მარჟები საშუალოდ 2% და 6%-ია, შესაბამისად. ყველაზე მაღალი მომგებიანობის კოეფიციენტები „ზალა რესტორანი და მარანი“-ს და HB-ის აქვთ. “ზალას” შემთხვევაში ეს მაღალი საერთო მოგების მარჟით არის განპირობებული, HB-ის შემთხვევაში კი დაბალი სახელფასო და სხვა საოპერაციო ხარჯებით.
ტრადიციული ტიპის რესტორნების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. ამასთანავე, ამ ბიზნესს განსაკუთრებით ართულებს რამდენიმე ფაქტორი: (1) მაღალი ფიქსირებული ხარჯები. – იჯარა, ხელფასები, კომუნალურები… (2) მაღალი კონკურენცია, დაბალი დიფერენციაცია და, შესაბამისად, შესვლის დაბალი ბარიერი.(3) სწრაფად ცვლადი ტენდენციები. – მომხმარებლებმა შეიძლება აიტაცონ გარკვეული ტიპის საკვები/რესტორანი, მაგრამ ეს ტენდენცია შესაძლოა ძალიან მოკლე პერიოდში შეიცვალოს – ახალი ობიექტის გამოჩენის, ეკონომიკური მდგომარეობის თუ სხვა ცვლილების ფონზე. (4) საოპერაციო მართვის გამოწვევები“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ