კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოში რვა მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2024 წლის აგვისტოს თვეში რვა მოვაჭრეს, ჯამში, 7 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, შპს „ვანმოლს“ – 2060,05 ლარის, შპს „სანლაინს“ – 600 ლარის, მოვაჭრე თინათინ ტაბატაძეს – 600 ლარის, ი/მ იზაბელა ბედოიძეს – 600 ლარის, შპს „სამის“ – 600 ლარის, ფ/პ სალომე ხადურს – 600 ლარის, ი/მ ტატიანა კუხიანიძეს – 600 ლარის და მოვაჭრე ეკატერინე კვარაცხელიას 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ცნობისთვის, 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 22 312 ლარი.