“ალიევის ხელი საქართველოშიც გვწვდება” – დაკავებული აფგან სადიგოვის ცოლი

თბილისში 3 აგვისტოს დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა, ასევე ჟურნალისტია და აზერბაიჯანში რეპორტიორად მისივე ქმრის არხზე, Azer.tv -ზე მუშაობდა. ნეტგაზეთთან საუბარში ის აზერბაიჯანში მისი ოჯახის დევნასა და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე ალიევის რეჟიმის კონტროლის შესახებ საუბრობს.
ცხოვრება აზერბაიჯანში – მუდმივი მუქარები და აუტანელი ყოფა
ვაშუქებდი მიტინგებსაც. მუშაობის დროს პოლიცია მემუქრებოდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც საღამოს დამიჭირეს, ქუჩის გამოკითხვას ვიღებდი, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გავატარე მთელი დღე. ჩემი ცხოვრება იქ ძალიან მძიმე იყო.
მათ მე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ვუცემივარ, ისინი დამმუქრებიან. ჩემი შვილები მუდმივი შიშის ქვეშ იყვნენ [ორი ქალიშვილი მყავს, ერთი 15, მეორე კი, 10 წლისაა]. თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, ისეთ მდგომარეობამდე მივუყვანივარ.
აფგანსაც მუდმივად ემუქრებოდნენ. როდესაც მას ემუქრებოდნენ, მეც მირეკავდნენ. მეუბნებოდნენ, ცოლი ხარ, უთხარი მას რამე, შენ მოგისმენსო. მე აფგანის ცოლის გარდა, დედა და მოქალაქე ვარ. აფგანს ვეუბნებოდი, იქნებ სხვა ქვეყანაში წასულიყო. თუმცა, იცოდა, რომ უსაფრთხო ადგილას გამგზავრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ის მუდმივად ყურადღების ქვეშ იყო.
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ჩვენს უფროს ქალიშვილს კლასელი სწერდა, რომ მამამისი ბოროტმოქმედი იყო. ჩემი შვილი ხშირად ამბობდა სკოლაში, რომ დიქტატორია, მისი კლასელები კი ეკითხებოდნენ, რატომ საუბრობდა ის ასე პრეზიდენტზე. მან სკოლა ორჯერ გამოიცვალა, რადგან ვითარება ისეთი იყო, სკოლაში ნორმალურად სიარულს ვერ ახერხებდა. ჩემს შვილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაუმძიმდა, აწუხებდა მაღალი წნევებიც.
უკვე აღარ გვქონდა ძალა ბრძოლისთვის. აღარც ძალა დაგვრჩა და არც ჯანრმთელობა. იმუქრებოდნენ ჩვენი შვილების მოკვლითაც.
მე კარგად ვიცი როგორია ჩემი სახელმწიფო, იქ ვმუშაობდი – დიქტატურაა. მათ შენი ყიდვა სურთ, ხოლო თუ არ გამოუვათ, სამუდამოდ გაგაქრობენ. ასეთი ცივსისხლიანები არიან.
ბევრი ვიბრძოლე ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის და ჩემი სამსახურისთვის. ვხედავ, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ და ეშინიათ. ვეღარ შევძელით იქ გაჩერება.
ჩამოსვლამდე მემუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ქმარი იმას აკეთებს და წერს, რასაც უნდა და თუ სურს, რომ თავი აღარ ეტკინოს, შეწყვიტოსო. ეს ბევრჯერ უთქვამთ.
მას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან ჰყავს ნაცნობები, თუმცა თავად არცერთის წევრი გახლავთ. ის უბრალოდ ჟურნალისტია, მოქალაქე.
Azer.tv აფგანმა 2015 წელს გახსნა, ჯერ საიტი, შემდეგ კი YouTube არხი. მეც იქ ვმუშაობდი. აფგანი პირველად 2016 წელს დააკავეს. დაკავების დროს, საიტი დახურეს, პოლიციამ კი კამერა, შტატივი და ტელეფონი დაამტვრია.
როდესაც აფგანი ციხიდან გამოვიდა, საიტი ხელახლა გავხსენით, თუმცა იქ აღარაფერი იყო დარჩენილი. ამჟამად საიტი არსებობს, თუმცა ჩვენ მასთან წვდომა არ გვაქვს.
აფგანი პირველად 2016 წელს დააკავეს და არაერთი ბრალდებით გაასამართლეს. 2018 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაიტაცეს. ექვსი დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი. სცემეს და დარტყმაც მიაყენეს ელექტროშოკერით.
2020 წელს აფგანი მეორედ დააკავეს, მას ოფიციალურად მუქარის ბრალდება წაუყენეს.
მისი ფეისბუკის ანგარიში წაშალეს, წაშალეს ჩემიც. ახლა კი ორივეს ახალი ანგარიშები გვაქვს, თუმცა არქივის გარეშე.
პირველი დაპატიმრების დროს აფგანს ბრალი დასდეს, თითქოს მან ვიღაც ქალს სცემა.
სასამართლოში ქუჩის კამერის ჩანაწერები არ წარადგინეს, რადგან განაცხადეს, რომ კამერა არ მუშაობდა. აფგანი დააკავეს, ხოლო იმ ქალმა თანხა აიღო და განაგრძო ცხოვრება. ის ქალიც გადავიღე, ვკითხე კიდეც ასე კარგად თავს რატომ გრძნობდა. ეს ყველაფერი დადგმული სცენარის ნაწილი იყო.
2020 წელს, აფგანს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომაზე შესვლა ყველას აეკრძალა, მხოლოდ მე მომცეს დასწრების უფლება.
როდესაც მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აფგანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, იქვე მოვკვდი. მარტო ვიყავი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.
სწორედ ამის შემდეგ, 2020 წლის 3 ნოემბერს, აფგანმა შიმშილობა დაიწყო. მან 242 დღის მანძილზე იშიმშილა.
შიმშილობის დაახლოებით 80-ე დღეს, მას მდგომარეობა დაუმძიმდა, შემდეგ კი კომაშიც ჩავარდა.
მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. აფგანისგან მხოლოდ ძვლები და თვალებიღა იყო დარჩენილი. მეგონა, რომ კვდებოდა და ერთხელ ბავშვებიც კი წავიყვანე, რომ მამა უკანასკნელად ენახათ.
იმდენად გახდა, რომ სულ სციოდა, სწორედ ამიტომ ბევრ ტანსაცმელს იცვამდა ხოლმე. მას ახლაც ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს.
ის აზერბაიჯანში ტუბცენტრშიც მკურნალობდა ტუბერკულიოზს, რომლითაც ციხეში დაავადდა.
ჩემი მეუღლე გასული წლის თებერვალში საქართველოშიც იყო ჩამოსული სამკურნალოდ, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვეხმარა.
საქართველო – არა უსაფრთხო ქვეყანა
მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი სამ აგვისტოს თბილისში დააკავეს. იგეგმება მისი ექსტრადირება. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
საბოლოოდ, აფგანი 2022 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოვიდა. ის აქ 7 თვეზე მეტია იყო.
წამოსვლის გადაწყვეტილება აზერბაიჯანში სწორედ ცხოვრების აუტანელმა ყოფამ მიგვაღებინა. მუდმივი მუქარების ატანა ჩვენი ოჯახისთვის შეუძლებელი გახდა.
მე შვილებთან ერთად საქართველოში ივნისში ჩამოვედი, რადგან ველოდი, ბავშვები სკოლაში სწავლას როდის დაასრულებდნენ. ჩამოსვლაში არავინ დაგვხმარებია და ვინაიდან სახმელეთო გზა ჩაკეტილი იყო, თვითმფრინავით ჩამოვფრინდით.
მარნეულში აფგანი იმიტომ გადავიდა საცხოვრებლად, რომ ბინაც და საჭმელიც შედარებით იაფი იყო. თბილისში ყველაფერი ძვირია. როდესაც ჩამოვედი, აფგანს ვეუბნებოდი, რომ აქ დარჩენა შესაძლებელი იყო, სხვაგან წასვლა არ გვჭირდება მეთქი. მან მითხრა, რომ აქ პოლიტიკურად რთული ვითარებაა და თუ დარჩება, აუცილებლად დააპატიმრებენ. შემდეგ ანკარის ბილეთები ვიყიდეთ, თუმცა, აფგანი სადღაც უშვებდა კიდეც ალბათობას, რომ არ გაუშვებდნენ.
17 ივლისს აეროპორტში მივედით. 4 საათზე თურქეთის თვითმფრინავი უნდა გაფრენილიყო. პასპორტის კონტროლზე ოთხივე ჩვენგანის პასპორტი მივაწოდეთ. აფგანის პასპორტზე შეყოვნდნენ, დიდხანს ათვალიერებდნენ. აფგანი მივიდა და იკითხა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მოვიდა პოლიცია, მე კი მითხრეს მომეცადა. დილამდე აეროპორტში ვიყავით, არსად წასასვლელი არ გვქონდა. არავინ გვითხრა, რაში იყო საქმე. ეს აზერბაიჯანის დაკვეთა იყო.
შემდეგ ყველგან ვრეკავდით, სადაც კი ხელი მიგვიწვდებოდა. წავიყვანეთ ბავშვები და ვინც დაგვეხმარა მათი დიდი მადლობელი ვარ. კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაურკვევლობაში ვიყავით, ხოლო 2 აგვისტოს ომბუდსმენმა დაგვირეკა, რომელსაც აფგანი ადვოკატთან ერთად შეხვდა. ომბუდსმენმა მოთხოვნა გააგზავნა.
3 აგვისტოს მთელი ოჯახით გარეთ გავედით რომ სუფთა ჰაერი გვესუნთქა. იმდენად გვეშინოდა, ყველანი ერთად დავდიოდით. თუკი რაიმე მოხდებოდა, გვერჩივნა ერთად ვყოფილიყავით.
გარეთ გავედით, დაახლოებით 15 მამაკაცი იდგა. საღამო იყო. თითოეული მათგანი საკმაოდ მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, მსგავსი ვითარება აზერბაიჯანში ბევრჯერ მინახავს. მათ აფგანს მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდეს, ხოლო როდესაც მან იკითხა, თუ რატომ, უპასუხეს, რომ სანერვიულო არაფერი იყო და მას არაფერი დაემართებოდა.
მე უკვე ვკანკნალებდი, მითხრეს, ადვოკატს დაუკავშირდიო. ვეუბნებოდი, რომ აფგანი უდანაშაულოა. მათ აფგანი მანქანაში ჩასვეს, მაგრამ არ დაძრულან. მათ ჩემი ტელეფონის აღება უნდოდათ, მაგრამ არ ვაძლევდი. როგორც კი გონს მოვედი, გადაღება დავიწყე.
მე ვიღებდი, ჩემი შვილები ტიროდნენ, ისინი კი ჩვენ გვიღებდნენ და იცინოდნენ. ერთ-ერთმა სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ჩემს შვილს დაუყვირა კიდეც. ის რაღაც სიტყვებს ამბობდა, თუმცა, ბუნებრივია, რომ ვერ გავიგე, რას.
პროკურატურაში მივედი, სადაც მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე ძებნილია და ის აზერბაიჯანში უკანონოდ ძებნილად დაახლოებით 10 მაისს გამოაცხადეს. ეს მათ ან ადგილზე ან ცოტა უფრო ადრე მოიფიქრეს. თუ აფგანი ძებნაშია, მაშინ აეროპორტშივე რატომ არ დააკავეს? რატომ წინასწარ არაფერი თქვეს? ეს ხომ არ არის კანონიერი. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანმა უკვე იცოდა სხვა ქვეყანაში გაფრენას რომ ვაპირებდით. ყველამ იცოდა აფგან სადიგოვის ადგილსამყოფელი, რადგან ის არაფერს მალავდა.
ცუდს არაფერს ვაკეთებდით. ჩვენ მშვიდი ოჯახი გვაქვს. გვიყვარს სამშობლო. როდესაც აქ ჩამოვედით [საქართველოში], ისიც გვამშვიდებდა, რომ სამშობლო ახლოს იყო. აქ თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობდით. საქართველო არ არის ცუდი ქვეყანა, ჩვენ ის გვიყვარს. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. რასაც მთავრობა აკეთებს, ეს ხალხის ბრალი არაა.
აქ ბევრი აზერბაიჯანელია. მიუხედავად აფგან მუხთარლის გატაცებისა, გვეგონა, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით.
თუმცა, ილჰამ ალიევის ხელი აქაც მარტივად გვწვდება. მას აქაც უნდა, რომ გვაკონტროლოს, რადგან ამის შესაძლებლობა აქვს.
თუკი აფგანს აზერბაიჯანში წაიყვანენ, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცევა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ამას სიტუაციის შესაბამისად გადავწყვეტ. ამ სიტუაციაზე ფიქრიც კი არ მინდა.
მაგრამ თუკი აფგანს აზერბაიჯანში დააბრუნებენ, არ ვიცი, როგორ უნდა დავრჩე იმ ქვეყანაში, რომელმაც ასეთი რამ გააკეთა. მათ თუ ეს აფგანს გაუკეთეს, ჩვენ რას გვიზამენ? თუ აქ სამართლიანები იქნებიან, აფგანს უკან არ დააბრუნებენ.
აზერბაიჯანში ჩემი დაბრუნებით, ქმარს ვერ დავიცავ. მე იქ უკვე ვცხოვრობდი და ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. სხვა ქვეყნიდან, ალბათ, ამას უკეთესად მოვახერხებ. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვფიქრობ მესამე, თავისუფალ ქვეყანაზე.
აზერბაიჯანის მთავრობას დიდი სურვილი აქვს ჩვენი ცხოვრების დანგრევის. დარწმუნებული ვარ ჩემი ციხეში ჩასმა და ბავშვების ბავშვთა სახლში გაგზავნა სურთ. თუკი მე რაიმე დამემართება, ბავშვები მარტონი რჩებიან, მათ კი ეს კარგად იციან. სწორედ ეს მაწუხებს ყველაზე მეტად, რომ ჩემს ქმარს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს და ქალიშვილებს არაფერი დაემართოთ.