მთავრობა „საკალათბურთე აკადემია დოლას“ ქუთაისში მიწას უსასყიდლოდ გადასცემს

სახელმწიფო შპს „საკალათბურთე აკადემია დოლას“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით სარგებლობაში ქუთაისში მდებარე მიწის ნაკვეთს გადასცემს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 1 აგვისტოს გასცა.
განკარგულებაში საუბარია ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის 20 ნომერში მდებარე 5295 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობების თანახმად, შპს „საკალათბურთე აკადემია დოლამ” სამი წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაცემული უძრავი ქონება ან მისი ნაწილი უნდა განავითაროს, რაც მოიცავს სპორტული კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ, საკალათბურთო და სპორტული დანიშნულების მქონე დარბაზებს, მოსაცდელ და გამოსაცვლელ ოთახებს, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომის და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობას, ასევე, კომპლექსი შესაძლოა, მოიცავდეს სასტუმროსა და საცურაო აუზსაც.
განკარგულების თანახმად, „საკალათბურთე აკადემია დოლამ“ უნდა განახორციელოს არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია, რომელიც არ მოიცავს სასტუმროს და საცურაო აუზის მოწყობის ხარჯებს. ხოლო სპორტული კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 წლის ვადაში, უნდა დასაქმდეს საქართველოს 15 მოქალაქე არანაკლებ 10 წლის ვადით.
შპს „საკალათბურთე აკადემია დოლა“ მიმდინარე წლის 14 მაისსაა დარეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი მეწილე ლევან შავლაყაძეა.