მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება ასახოს – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და ამისთვის ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ხალხის ნების ასახვა საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება ასახოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველო თითოეულ მოქალაქესთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული. ამისთვის ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, ბოკუჩავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე და როგორც მან განაცხადა, დავის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, აღნიშნა, რომ პორტის პროექტში „ამერიკელი ინვესტორების ჩინური კომპანიით ჩანაცვლება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„ამ კონკრეტული საარბიტრაჟო დავის სამართლებრივ დეტალებს არ ვიცნობ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის პროექტიდან ამერიკელი ინვესტორების განდევნა და მათი ჩანაცვლება ამერიკელების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიით. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და შემიძლია საქართველოს მოქალაქეებს შევპირდე, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პორტს ჩვენ, ქართული სახელმწიფო აუცილებლად ააშენებს დასავლელი პარტნიორების, დასავლური ინვესტორების მონაწილეობით და არა იმ კონსტრუქციით, რომელსაც ივანიშვილი დღეს გვთავაზობს – ჩინური სანქცირებული კომპანიით“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
