ისრაელი ადასტურებს, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” ერთ-ერთ მეთაურზე იერიში მიიტანა და ეს იმ სარაკეტო თავდასხმაზე შურისძიება იყო, რომელიც 3 დღის წინ მოხდა და 12 ბავშვი და მოზარდი იმსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” წყაროების ცნობით, აფეთქების მსგავსი ხმა საღამოს 7:40 საათზე გაიგონეს სწორედ იმ სამხრეთულ უბანში, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფების გამაგრებული ტერიტორიაა. ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ იერიშის სამიზნე “ჰეზბოლას” ერთ-ერთი სამხედრო მეთაური იყო, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწია მას.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ ისრაელის იერიშის მიზანში დედაქალაქის ჰარეთ ჰრეიკის უბანი და “ჰეზბოლას” საბჭო მოექცა.
რამდენიმე დღის წინ, შაბათს, “გოლანის მაღლობზე” სარაკეტო იერიში განხორციელდა, რომელსაც საფეხბურთო მოედანზე მყოფი 12 მოზარდი ემსხვერპლა. “ჰეზბოლა” თავდასხმას უარყოფს, თუმცა ისრაელი ამბობს, რომ ბეირუთზე იერიშის სამიზნე სწორედ ის მეთაური იყო, ვინც “ბავშვების და ისრაელის არაერთი მოქალაქის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი”.
ისრაელელი ექიმების თქმით, სამშაბათ დილით განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ისრაელის ჩრდილოეთში, კიდევ ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
7 ოქტომბერს, დაჯგუფება “ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმის და საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ვითარება კვლავ დაიძაბა ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის. მხარეები 2006 წლის ომის შემდეგ ხშირად ესხმიან თავს მოწინააღმდეგეს, ამ ბოლო თვეების განმავლობაშიც მხარეებმა ერთმანეთის ტერიტორია არაერთხელ დაბომბეს. ორივე მხარეს იყო მსხვერპლიც.
ბოლოდროინდელ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის თავდაცვის მდივანმა. ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ აშფოთებს შესაძლო ესკალაცია, თუმცა არ სჯერა, რომ ისრაელ-“ჰეზბოლას” კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, მხოლოდ სამშაბათს, ლიბანის მხრიდან, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებას 10 რაკეტა ესროლეს. შეიარაღებული ძალების მტკიცებით, ლიბანის სამხრეთით, ისრაელმა “ჰეზბოლას” 10 სამიზნეს დაარტყა და მისი ერთ-ერთი მებრძოლი მოკლა. “ჰეზბოლამ” ეს მსხვერპლი დაადასტურა.