საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც წლიურად 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.1% მოდის 31-50 წლის მოგზაურებზე.
უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის თანახმად, აქედან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ვიზიტორების განაწილებას მოქალაქეობის მიხედვით, მოწინავე პოზიციებს ტრადიციულად მეზობელი ქვეყნები იკავებენ. 2024 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.6%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ. მეოთხე პოზიციაზე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან, რასაც მოსდევს ისრაელი, აზერბაიჯანი, ირანი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნების ჯამური ვიზიტები კი ლიდერი სამი ქვეყნის მაჩვენებელს ჩამორჩება.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.9%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.6%-ს შეადგენდა.