თბილსერვის ჯგუფმა EBRD-ის მხარდაჭერით 9 564 750 ევროს ღირებულების სპეცტექნიკა შეიძინა

„შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა. 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, ნარჩენების დროული, უსაფრთხო და უპრობლემო გატანა მოხდეს დედაქალაქიდან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის – დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.
„შევიძინეთ 65 ერთეული სპეცტექნიკა. 52 უკვე ადგილზეა. აქ არის სხვადასხვა სახის მანქანები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქუჩები იყოს სუფთა, ნარჩენების დროული, უსაფრთხო და უპრობლემო გატანა მოხდეს დედაქალაქიდან. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობდეს ძალიან კარგად, შეფერხებების გარეშე. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი შენაძენი გვაქვს, რადგან ეს პირდაპირ აისახება დედაქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებლებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, ეკოლოგიაზე კიდევ უფრო ზრუნვა, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების გაკეთება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. მართალია, უკვე არაერთი მსგავსი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ მხოლოდ ამაზე არ ვჩერდებით და სამომავლოდ, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ქალაქს, აქ მცხოვრებ ადამიანებს და ყველას, ვისაც ქალაქის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა უხარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესყიდული სპეტექნიკის ნაწილი დედაქალაქს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიეწოდება. 65 ერთეული სპეცმანქანის ღირებულება დღგ-ს გარეშე 9 564 750 ევროს შეადგენს (დღგ-ს ჩათვლით 11 286 405 ევრო). შესყიდულია სხვადასხვა ტიპისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთოები, ქუჩის მექანიკური მხვეტავი მანქანები, ევაკუატორი, ღია სატვირთო ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით, სატვირთოები ტელესკოპური ამწე კალათით, ასევე, სხვადასხვა ზომის სატვირთო მანქანები თვითმცლელით, სანიაღვრე ქსელების წნევით გასარეცხი კომბინირებული სპეცმანქანები, ასფალტის გადამზიდი სატვირთო, ნარჩენების სატკეპნი კომპაქტორი და სხვა. ევროპული კომპანიების – „ივეკოსა“ და „დულევოს“ მიერ წარმოებული სპეცმანქანები აწყობილია იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთში, ერთი კომპაქტორი კი ფინური კომპანია „ტანას“ წარმოებისაა.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის, კერძოდ, „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტითაც ხორციელდება სპეცტექნიკის შესყიდვა. 2024 წელს შემოყვანილია 24 ერთეული ახალი სპეცმანქანა, რაც უკვე ემსახურება ქალაქს. ახლო მომავალში ასევე შემოვა 15 ერთეული, ხოლო წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.