სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები გუშინ, 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
„ადგილზე 24-საათიან უწყვეტი რეჟიმით მუშაობს 6 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ დროისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე.
დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა.
სამუშაოების მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით, დღის განმავლობაში პერმანენტულად გაავრცელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.