“ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ჩვენი მეგობრებისთვის საგულისხმო და დასაფიქრებელია, “ვინაიდან ის პროცესები, რომელიც დღემდე ევროკავშირში მიმდინარეობდა, თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის სასურველი არ აღმოჩნდა.
მისი თქმით, ევროპის ელექტორატმა მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე ევროპარლამენტში არსებობდა.
“ევროპის ელექტორატმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მხარი არ დაუჭირა იმ მოცემულობას, რომელიც დღემდე არსებობდა ევროპარლამენტში, იმ ძალთა ბალანსს, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპარლამენტში, რამეთუ ბევრ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ამ არჩევნების შემდეგ მოხდა ისეთი პოლიტიკური პროცესი, როგორიც არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ცალკეულ ქვეყნებში პირველი პირები გადადგნენ და ა.შ. ამან აჩვენა, რომ რეალურად, იმ პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც აქამდე მართავდნენ ევროპარლამენტში პროცესებს და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკას, მოსახლეობამ ნდობა იმ მასშტაბით არ გამოუცხადა, როგორც ეს იყო დღემდე. ეს, რა თქმა უნდა, არის საგულისხმო და დასაფიქრებელი ფაქტი ყველასთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ვინაიდან ის პროცესები, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის,” – განაცხადა მათიკაშვილმა.