რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედროს ოჯახი დახმარებას ითხოვს – გიორგი ჩუბითიძის დედა “მთავარ არხთან” ყვება, რომ 10 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ქართველების მძევლად აყვანის შესახებ გახდა ცნობილი, მას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია. ოჯახმა არ იცის რას აკეთებენ ოფიციალური უწყებები სამხედროების ტყვეობის სწრაფად გასათავისუფლებლად.
“დროზე მიეშველონ, სანამ დააავადმყოფებენ და სანამ მთლად გააუბედურებენ. დავალებაზე რომ მიდიოდა მეტყოდა, დედა მივდივარ დავალებაზე, არ ინერვიულო, გამოვალ, დაგირეკავ. დამეხმარონ, რომ გადარჩეს ცოცხალი. არავის არაფერი არ მინდა, რაც მაქვს ისიც მეყოფა ოღონდ იცოცხლოს და კარგად იყოს”, – ამბობს დედა.
გიორგი ჩუბითიძის ბიძა ამბობს, რომ საქართველოში მთავრობის შეცვლის შემდეგ “რაღაც შეზღუდვები ჰქონდა” და უკრაინაში წავიდა. მას იმედი არ აქვს, რომ მთავრობა რამე ნაბიჯს გადადგამს საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე ოკუპანტებმა გასულ კვირას დაატყვევეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი უფლებების დასაცავად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს. თუმცა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკების რესურსი და ეს უკრაინამ უნდა გააკეთოს.