უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 53 586 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია “ბიბისის” რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ახალ ანგარიშში, რომელიც მოხალისეების მხარდაჭერით შეიქმნა.
აპრილში გამოქვეყნებული ანალოგიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის დანაკარგი 51 ათასს შეადგენდა.
ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად საჯარო წყაროების საშუალებით აღნუსხავენ დაღუპულ ჯარისკაცებს – მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებებისა და ადგილობრივი მედიისა და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა კვლავ დაიწყო ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ხარკოვის რეგიონში მიმდინარე შეტევებით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაიღუპა 1 431 ჯარისკაცი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე 2022 და 2023 წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები.
დაღუპულ რუს სამხედროთა დაახლოებით 20% პატიმარია, 14% – მოხალისე, 12% კი – მობილიზებული. სიკვდილიანობის აბსოლუტური რაოდენობის თვალსაზრისით ლიდერობენ კრასნოდარის მხარე (2022 სამხედრო), ბაშკირეთი (1953) და სვერდლოვსკის მხარე (1802).
ომში მონაწილე მხარეები ოფიციალურად თავს არიდებენ დანაკარგების შესახებ ცნობების გავრცელებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე;
სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება არ საუბრობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა.