ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, ის პერსონალურად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. მისივე თქმით, რამდენიმე თვეში ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა, ლეგიტიმურობა მისცენ იმ გზას, რაც მათ უმრავლესობას საკუთარი ქვეყნისთვის სურთ.
ამის შესახებ შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, სადაც ევროპული მმართველობის მომავალსა და ღირებულებებზე საუბრობდა.
საქართველოს შესახებ პირველი კითხვა მისი მისამართით შეეხებოდა იმას, თუ რას ფიქრობს ის საქართველოს პერსპექტივაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„გულახდილად ვიტყვი, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? რამდენიმე წლის წინ მე თავად მქონდა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა გარკვეული როლი და დავხმარებოდი ქვეყანას პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში. მეორე: შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე თვის წინ ევროპული საბჭოს 27 ქვეყნიდან უმრავლესობა ნამდვილად არ უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემას. მაგრამ რამდენიმე სხვა ევროპელი ლიდერის დახმარებით, ჩვენ დავარწმუნეთ ისინი, რომ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვარწმუნებდით მათ, რომ განეხორციელებინათ გარკვეული რეფორმები, რაც აუცილებელი იყო. გადაედგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გასულ წელს და წლის ბოლოსთვის. და შემდეგ ჩვენ მათ მივეცით კიდეც კანდიდატის სტატუსი. სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩვენ ვუყურებთ მცდელობას, რომ მიიღონ ეს კანონი. ვნახოთ, რას გააკეთებს პრეზიდენტი. მას ვეტოს დადების უფლება აქვს. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი ვისმენთ რიტორიკას, რომელიც, მოდი ასე ვიტყვი, არ არის პოზიტიური. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს. მაგრამ თუ მათ სურთ ევროკავშირთან მიახლოება, თუ მათ სურთ ევროკავშირში გაწევრება, მაშინ მათ მოუწევთ, რომ პატივი სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. მოგვიწევს, რომ ეს მათ ცხადად ვუთხრათ და ვეუბნებით კიდეც პირდაპირ. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მათ დარწმუნებას, შეასრულონ ის პირობები, რაც ევროკავშირში გაწევრებისთვის არის საჭირო,“ — თქვა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელის მისამართით მომდევნო კითხვა საქართველოს შესახებ მოიცავდა იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, რომ თავიდან აარიდოს საქართველოს რუსული გავლენა.
„ნათელია, რომ რუსეთის მიზანია, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ან ყოველ შემთხვევაში, სცადოს ეს, სადაც შეძლებს და გააძლიეროს თავისი ძალაუფლება. ამიტომ უნდა უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველებს. და მე ვიცი, ქართველების უზარმაზარი უმრავლესობის სურვილია ევროკავშირთან მიახლოება, ევროკავშირში გაწევრება. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. უნდა იგრძნონ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია რუსეთის მცდელობების გასანეიტრალებლად, რომ ჩაკლას ქართველების ოცნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები,“ — უპასუხა შარლ მიშელმა კითხვას.
რას ეტყოდით ახალგაზრდებს და ყველა იმ თაობას, რომელიც ახლა თბილისში პროტესტის მონაწილეა? – მორიგი კითხვა ევროპული კომისიის პრეზიდენტს.
„ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს, ჩვენ ვართ თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების მხარეს. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, რაც ჩვენ ხელთაა, რომ დავარწმუნოთ საქართველოს ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც საჭიროა. საქართველოში არჩევნები იქნება რამდენიმე თვეში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნებიც იქნება შესაძლებლობა, რომ მიეცეს ლეგიტიმაცია და სიცხადე იმ გზას, რაც ხალხს საკუთარი ქვეყნისთვის უნდა,“ — თქვა შარლ მიშელმა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
ამავე თემაზე:
· „ეს არის რუსული ჩარევა საქართველოში“ — ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი რუსულ კანონზე
· 84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]