ლატვიის სეიმმა ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ ინფორმაციას სეიმის პრესსამსახური ავრცელებს.
“ლატვიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შეახსენოს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში იმ საზოგადოებების მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოლდოვაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის, როგორც ღირებულებების, ისე მმართველობის თვალსაზრისით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის”. – თქვა სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, ლატვიის სეიმი სხვა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და დაამტკიცონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე.
ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს დაუყოვნებლივ მოამზადონ და დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ჩარჩო.
სეიმი ასევე მოუწოდებს ორ კანდიდატ ქვეყანას განაგრძონ აუცილებელი რეფორმების განხორციელება, რაც მათ დააკავშირებს ევროკავშირის საერთო ღირებულებებთან, ხელს შეუწყობს ევროკავშირში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და უფრო მეტ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას რეგიონში.
ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატ ქვეყანას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა ასვე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი.