ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება. ამის შესახებ პაველმა ვიშეგრადული ჯგუფის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“რუსეთს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად 5-7 წელი დასჭირდება. რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ამ საკითხს განსაზღვრავს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში”. – თქვა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO- წევრი ქვეყნები რუსეთს ევროპაში ყველაზე სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“რუსული აგრესია თითოეულ ჩვენგანს ეხება, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებსა და ადამიანთა მკვლელობებზე, ასევე უკრაინისთვის მიყენებული ზიანის გამო, ამიტომ მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის და უკრაინელთა მხარდაჭერა. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის”. – თქვა პაველმა.