პოლიციელების მიმართვის მიუხედავად, ლაზარე გრიგორიადისის დედა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს არ გაწიროს ახალგაზრდა, რომელიც მარტის აქციების დროს იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. თამთა კალანდაძე ამბობს, რომ გამოძიებას მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და ახლა სხვადასხვა ფორმით ცდილობს მასთან ბრძოლას:
“მაგ განწყობით ჩამოვედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ყურად მიიღებს ამ ამბავს, არ გაწირავს ლაზარეს. ისიც არის დედა, შესაბამისად როგორც დედას ისე ვთხოვ, რომ ლაზარე იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო და ნებისმიერი ქართველი უნდა მდგარიყო იქ… 7-დან 11 წლამდე ხალხო, ეს არის კოშმარი. ახალგაზრდა ბიჭის გაწირვა ციხისთვის, რაც არ დაუშავებია იმას რომ აბრალებენ და ვერ გვიმტკიცებენ, მტკიცებულება არ არსებობს და თავისი ცირკით გვეთამაშებიან” ამბობს ლაზარე გრიგორიადისის დედა.
ადვოკატის განცხადებით კი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დაცვის მხარე პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით აუცილებლად მიმართავს.
შეგახსენებთ, შსს-მ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მარტის აქციების “დაზარალებულმა პოლიციელებმა” სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე “თავის შეკავებისკენ” მოუწოდეს.
საქალაქო სასამართლოში ლაზარეს საქმის განხილვა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.