პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, – ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება უკვე მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია.
„უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე გრიგორიადისი]. პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. გაიხსენეთ, მის შეწყალებულთა სია და ამით უკვე დასკვნები მარტივად გამოსატანია“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან ისაუბრა, გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გაცხადების შემდგომ პრეზიდენტის ფოტოგრაფის მიერ სამსახურის დატოვებაზე.
„გია აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ალბათ. მისი ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ გამკვირვებია” – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.