კლინიკების ასოციაცია: დაუყოვნებლივ გაიწვიეთ რუსული კანონი, ეს არის დანაშაულის ტოლფასი

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ რუსული კანონპროექტი.
მათი თქმით, მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასი და ყოვლად დაუშვებელია.
განცხადება, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ავრცელებს:
“საქართველოს კლინიკების ასოციაცია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი განხილვის გამო, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში მისი დამტკიცება ძირეულად დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ისტორიულ მიზანს.
საზოგადოებისთვის ნათლად არის ცნობილი, რომ უცხოური “აგენტების” შესახებ კანონს, მხოლოდ მიესალმება, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების ოკუპანტი , ხოლო გმობს დასავლეთის ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოები.
თანამედროვე რეალობაში, მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია და ყოვლად დაუშვებელია.
საქართველოს კლინიკების ასოციაცია, საქართველოს პარლამენტს მოგიწოდებთ – დაუყოვნებლივ უკან გაიხმოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ჭეშმარიტად მოაზროვნე ქართველი ექიმები – ვიდექით, ვდგავართ და მომავალშიც მედგრად დავდგებით საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად”.