სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არა მხოლოდ შეუთავსებელია, არამედ ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს.
ფაშინიანის თქმით, ქვეყნის მოქმედ მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისიც ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მიმდევარი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია.
კერძოდ, სომხეთის პრემიერის თქმით, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციების დროს, ჯერმუკზე თავდასხმის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მიმდინარე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რეალური სომხეთისა და ისტორიული სომხეთის დელიმიტაციის პროცესი.
“ეს პროცესი იმაზე ადვილი არ არის, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისსაზღვრის დელიმიტაციის პროცესი. ისტორიული სომხეთი არ აღიარებს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული სომხეთისთვის შემზღუდველი ფაქტორია. ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიული სომხეთი გამოძახილს ჰპოვებს მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ამბიციები რეალური სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების მიმართ, რადგან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, იგივე შემზღუდველი ფაქტორია ამ ქვეყნების მადისთვის”. – თქვა ფაშინიანმა.