ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეისთვის სრულიად უსაფრთხოა.
„ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება მოხსნილია. პროექტის წარმოების ფარგლებში, იყო გარკვეული გამოწვევები კომპანიასთან, ასევე, „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა და ყველას მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.