„არაერთხელ გამოითქვა მოსახლეობის წუხილი“ – თამარ გაბუნია ქიმწმენდის ობიექტებისთვის დაწესებულ რეგულაციებზე

ქიმწმენდის ობიექტებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ, რომლებმაც ამ ბიზნესის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია, განმარტებებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია აკეთებს.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს, ასეთი საწარმოდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების გამო, ალერგიის სიმპტომები დაეწყოთ. გაბუნიას განმარტებითვე, მსგავსი რეგულაციები ევროკავშირსა და განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს.
„რეგლამენტის ამოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის. გასაგებია, რომ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკები შესაძლებელია იყოს მაღალი, თუკი არ მოხდა მისი შესაბამისი რეგულირება. ქიმწმენდების საქმიანობა რეგულირდება ევროკავშირის სივრცეში, ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რაც განპირობებულია იმის აუცილებლობით, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ქიმწმენდის შემთხვევაში იყენებენ, შესაძლოა მავნე ზეგავლენის მატარებელი იყოს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე სხვა პირებისთვის, მით უფრო თუ ქიმწმენდა მდებარეობს საყოფაცხოვრებო დაწესებულებაში – საცხოვრებელ ადგილში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ა.შ. საქართველოშიც არაერთხელ გამოითქვა მოსახლეობის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ქიმწმენდა ქმნის რისკებს და ამ რისკებს ისინი გრძნობდნენ ჯანმრთელობის სიმპტომების, ალერგიის და სხვა ნიშნების გამოვლენის სახით. ვფიქრობთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება შექმნის უსაფრთხოების ჩარჩოს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მოსახლეობისთვის და ამ გზით ჩვენ შევძლებთ უსაფრთხოდ მოხდეს ამ პრაქტიკის განვითარება სწორად და შესაბამისი რეგულირების პირობებში,“ – განაცხადა გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ