ზელენსკი: პოლონეთის საზღვართან არსებული სიტუაცია გასცდა ეკონომიკის და მორალის ფარგლებს

უკრაინის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს პოლონეთის საზღვართან შექმნილი სიტუაციის საბოლოოდ მოგვარებას.
პოლონელი ფერმერები თებერვლიდან მართავენ საპროტესტო აქციებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკონტროლო ექსპორტის წინააღმდეგ და პერიოდულად ბლოკავენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს და საავტომობილო გზებს.
3 მარტს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვართან არსებული სიტუაცია დიდი ხანია გასცდა ეკონომიკის და მორალის საზღვრებს.
ზელენსკის თქმით, აუხსნელია, როგორც შეიძლება შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენო სირთულეები იმ ქვეყნის, რომელიც სისხლისგან იცლება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ სირთულესაც დაძლევენ.
პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ უკრაინიდან მარცვლეულის და სხვა პროდუქციის უკონტროლო ექსპორტმა ადგილობრივი პროდუქცია გააუფასურა.
ფერმერები ევროკომისიის ახალ, ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც აპროტესტებენ. ევროკავშირის აგრარული პოლიტიკის წინააღმდეგ ფერმერებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ჩეხეთშიც.