ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს მოქალაქის სიკვდილს „ბოევიკების“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულახის ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის დროს, რომელიც 2 მარტს იქნა შემოღებული, ხუთი „ბოევიკია“ მოკლული. სროლის დროს შესაძლოა დაღუპულიყო ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ავრცელებს საინფორმაცია სააგენტო Baza.
ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ცნობებს მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ ყალბს უწოდებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება მათ, ვინც „ყალბ ინფორმაციას საჯაროდ ავრცელებს“.
ინფორმაცია ინგუშეთის ქალაქ ყარაბულახის ნაწილში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ 2 მარტს გაავრცელა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ ინგუშეთის რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ქალაქის ნაწილში ხმამაღალი სროლის ხმა ისმოდა.
ვიდეოში, რომელიც 2 მარტს ტელეგრამ არხზე გავრცელდა და აღწერის თანახმად, შემთხვევის ადგილას იყო გადაღებული, ისმის როგორც აფეთქებების, ისე ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა – ამის შემდეგ, საცხოვრებელ სახლს ხვდება ჭურვი. კადრში ჩანს აფეთქებაც.
2 მარტს, საღამოს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მეოთხე სართულის ბლოკირება მოახდინეს. მანამდე კორპუსის მცხოვრებლები ახლომდებარე სკოლაში გადაიყვანეს.
სროლა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებსა და „ბოევიკებს“ შორის რამდენიმე საათს გაგრძელდა. კონტრტერორისრული ოპერაცია გამთენიისას დასრულდა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით ლიკვიდირებულია ხუთი ან ექვსი „ბოევიკი“.
ოფიციალური ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება. არც ვრცელდება ინფორმაცია არც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის დასრულების შესახებ.
მწირი ინფორმაცია ვრცელდება თავად „ბოევიკების“ შესახებაც. სხვადასხვა მედიის ცნობით, ლაპარაკია ექვს პირზე. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, ყარაბულახის სამხრეთით, ერთ-ერთ მიტოვებულ სააგარაკე სახლში, აღმოჩენილ იქნა საბრძოლო მასალის საცავი. „ბოევიკები“ შეიარაღებულები იყვნენ დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ამის შესახებ წერს „იზვესტია“.