2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო

2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო.
აღნიშნულის შესახებ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობა.
კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230 677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49 917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180 760 პირი იყო. 2023 წელს მარტვილის კანიონმა 228 998 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 81 746 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე კი 147 252 პირი იყო. სათაფლიამ კი 2023 წელს 96 956 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 69 220 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 27 736 პირი იყო.
რაც შეეხება 2022 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მონაცემებს, ამ შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე, მარტვილის და წალკის კანიონები ლიდერობდნენ.
გარდა ამისა, ვიზიტორებისთვის სამი ყველაზე ნაკლებად პოპულარული დაცული ტერიტორიები 2022 წელს აჯამეთის აღკვეთილი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები და მაჭახელას ეროვნული პარკი იყო. ხოლო 2023 წელს სამ ყველაზე ნაკლებად პოპულარულ ადგილის სიას მაჭახელას ეროვნული პარკი ტოვებს და მას ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი ანაცვლებს.
სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 25 დაცული ტერიტორიიდან 2022 წელს სულ 902 063 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქე (488 408) უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს მოქალაქე (413 655). ამასთან, სააგენტომ 2023 წელს სულ 1 076 574 დამთვალიერებელს უმასპინძლა, საიდანაც კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა (627 262) ლიდერობდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების (449 312).
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე