85 წლის ასაკში ამერიკელი მოქანდაკე და არქიტექტორი რიჩარდ სერა გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ამერიკელი მინიმალისტი მოქანდაკე, არქიტექტორი და ვიდეოხელოვანი რიჩარდ სერა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულებები გახდა.
სერამ კარიერა, როგორც მინიმალისტმა მოქანდაკემ დაიწყო. იელის უნივერსიტეტში აღებული სტიპენდიით სწავლობდა პარიზში. 1966 წელს რომში გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა.
1970-იანი წლებიდან ასევე მუშაობდა ბეჭდურ გრაფიკის ჟანრში. გარდა ამისა, იღებდა სამოყვარულო ფილმებს.
1981 წელს ნიუ-იორკში დაიდგა სერას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Tilted Arc, რომელიც 1989 წელს საზოგადოების მოთხოვნით აიღეს.
სერას მიერ შექმნილი აბსტრაქტული ქანდაკებები ლონდონში, ბერლინში, ამსტერდამსა და სხვა დიდ ქალაქებში დგას.
2005 წელს გუგენჰაიმის მუზეუმის დაკვეთით ბილბაოში დაიდგა 8 გიგანტური ფოლადის ქანდაკებისგან შექმნილი კომპოზიცია The Matter of Time.
1993 წელს გახდა ამერიკის ხელოვნების აკადემიის წევრი. არის იელის, ჰარვარდისა და ლონდონის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.