24 ოქტომბრის ღამეს მოსამართლეებმა რამდენიმე დემონსტრანტი გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ოქტომბერს, დილის 3 საათამდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვისათვის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო სხდომები.
ზვიად კვარაცხელიას, მწერალს, გამომცემელსა და პუბლიცისტს, მოსამართლემ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა:
„გზა მე კი არა, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაკეტა. ამის გასაპროტესტებლად გამოვდივარ რუსთაველის გამზირზე“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასაც. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამთენიის 3 საათისთვის გამოაცხადა.
პოლიტპატიმრად მიჩნეული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 7 დღით გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში. მის პატიმრობას მოითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ის „45-ჯერ არის დაჯარიმებული“. ზურაბ ცეცხლაძე აცხადებდა, რომ მის მიმართ გამოწერილი ყველა ჯარიმა გასაჩივრებულია და გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიოდა, როცა საპატრულო ეკიპაჟს ჩაკეტილი ჰქონდა ხოლმე მოძრაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
გასულ კვირას სადავო პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორ დღეში გაამკაცრა კანონები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის უფლებას.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა არის გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გასული წლის ნოემბრის ბოლოდან აქციები იმართება ხელახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დემონსტრაციების დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა. მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი