22 წლის სტუდენტს, ლადო ჯახუას საქმის განხილვა გადაიდო. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა მის საქმეზე გადაწყვეტილებას 27 ოქტომბერს გამოაცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრისა ადგილას გუნებას და პოლიციელის შეურაცხყოფას.
შსს-ის წარმომადგენელი, გურამ ტალახაძე ირწმუნებოდა, რომ ლადო ჯახუა 22 ოქტომბერს, პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას უმისამართოდ იგინებოდა, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. გარდა ამისა, მისი თქმით, ჯახუამ შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებსაც.
“22 ოქტომბერს ვიდექი უბრალოდ აქციაზე და მომვარდა უბრალოდ პოლიციელი, რომელმაც დამაკავა. მეტი არაფერი”, – განაცხადა ლადო ჯახუამ.
სხდომაზე მოწმის სახით გამოჰკითხეს პატრულ-ინსპექტორები – გიგა ცხადაძე და იოსებ მღებრიშვილი. ასევე, დაცვის მხარის მოწმეები – ანანო აბულაძე და ირინა ვარშანიძე.
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ეწინააღმდეგებოდა შსს-ის შუამდგომლობას, პოლიციელების დაკითხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ დევს რაიმე პატაკი, რომ ისინი ნამდვილად შეესწრნენ ჯახუას დაკავებას. შსს-ის წარმომადგენელი, თავის მხრივ, შეეწინააღმდეგა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის ინიციატივას იმ საფუძვლით, რომ დამატებით სამი ადამიანის გამოკითხვა სხდომას გააჭიანურებდა. თუმცა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჩათვალა, რომ ხუთივე მოწმის გამოკითხვა იყო საჭირო.
გიგა ცხადაძემ, რომელიც დაკავების ოქმს აწერს ხელს, განაცხადა, რომ ლადო ჯახუა დააკავა იმ დროს, როცა პოლიციელების მისამართით შეიგინა. ცხადაძის განმარტებით, ჯახუას რეაქცია გამოიწვია მისი კოლეგების მიერ სხვა მოქალაქეების დაკავებამ. მან თქვა, რომ ჯახუას დაკავების დროს არ ეკეთა სამხრე კამერა, რადგან ის დამაგრებული იყო ქურთუკზე, რომელიც მანქანაში ჰქონდა დატოვებული. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადვოკატს მხოლოდ სამი წუთი მისცა მოწმე პატრულ-ინსპექტორების დასაკითხად. მან გიგა ცხადაძე ისეთ დროს გაუშვა დარბაზიდან, როცა გუჯა ავსაჯანიშვილს მისთვის კითხვების დასმა არ ჰქონდა დასრულებული.
მეორე მოწმე პოლიციელმა, იოსებ მღებრიშვილმა თქვა, რომ შორიდან დაინახა როგორ იგინებოდა ლადო ჯახუა.
“ჯერ მთავრობას აგინებდა და მერე პოლიციას აგინებდა. პირადად ჩემკენ ხელი არ გამოუშვერია და არ შეუგინებია, მაგრამ პოლიციას აგინებდა”, – თქვა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს, სტუდენტი ანანო აბულაძე ჰყვება, რომ 22 ოქტომბერს, აქციაზე, იდგა პოლიციის კორდონის წინ. მან თქვა, რომ მოულოდნელად ხალხის მასაში პოლიციელები შევარდნენ და დაინახა, როგორც სტაცეს ხელი პოლიციელებმა ლადოს ჯახუას. მან თქვა, რომ ჯახუა მისი თვალთახედვის არეში იყო იქამდე, სანამ პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ და ადასტურებს, რომ მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ანანო აბულაძემ დაადასტურა, რომ ლადო ჯახუას უწყვეტად ხედავდა და მას პოლიციელების მისამართით არ შეუგინებია.
დაცვის მხარის მეორე მოწმემ, ასევე სტუდენტმა ირინა ვარშანიძემაც თქვა, რომ პოლიციელები მოულოდნელად შემოვარდნენ ხალხის მასაში და დაიწყეს ადამიანების დაკავება. როგორც აბულაძემ, ვარშანიძემაც დაადასტურა, რომ ლადო ჯახუა უბრალოდ იდგა და საუბრობდა გვერდით მდგომებთან, როცა მოულოდნელად დააკავეს. ირინა ვარშანიძემაც დაადასტურა, რომ ლადო ჯახუა არ იგინებოდა.
ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა ბოლო მოწმე, თამარ თევზაძე მოხსნა “დროის დაზოგვის მიზნით”. ის აღარ გამოიკითხა.
ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს მიუთითა დარბაზში მჯდომ ყავისფერ ქურთუკიან კაცზე. ეს ერთადერთი ასაკიანი კაცია 20-ზე მეტ სტუდენტს – ლადო ჯახუას მეგობრებს შორის, რომელიც სხდომას ესწრება. ავსაჯანიშვილმა თქვა რომ აღნიშნული კაცი ლადო ჯახუას მამაა, რომელიც 22 ოქტომბერსვე, ჯახუას დაკავებისთანავე წამოვიდა თბილისში რეგიონიდან.
“ამ ადამიანმა მე ერთი კითხვა დამისვა – სასამართლოს მისამართი თუ შეგიძლიათ მითხრათო. მე ვუთხრი, თბილისის საქალაქო სასამართლო-მეთქი და ვერ მოაგნო. ეს ის ადამიანია, რომელსაც სასამართლოს მისამართი არ სჭირდება ხოლმე. ეს ის ადამიანია, რომელიც თქვენი სახით გაიცნობს მოსამართლეს […] მის გონებაში დარჩენით სასამართლოს და სამართლის სახედ”, – უთხრა გუჯა ავსაჯანიშვილმა მანუჩარ ცაცუას.
ლადო ჯახუა 22 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.




