2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები (26 პირის საქმე) განსახილველად სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, დააკმაყოფილა მომჩივნების ადვოკატთა მოთხოვნა და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.
ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით, საქმე უნდა წამოჭრიდეს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან საერთო მნიშვნელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) გადაწყვეტილება 2024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.
თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. მომჩივანმა მხარემ 1-ელ აგვისტოს სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.
2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების განხილვა დიდი პალატის წინაშე გაგრძელდება.
