19 თვეა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დირექტორი არ ჰყავს

უკვე 19 თვეზე მეტია გასული, რაც “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს” დირექტორი არ ჰყავს. დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე ასრულებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის მთავარი სახელმწიფო დაწესებულებაა. სწორედ ეს ცენტრი იყო წამყვანი ძალა კორონავირუსის პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების კვალის დადგენასა და პრევენციაში. ჯანდაცვის სამინისტრო კი, ბიუჯეტის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა.
“ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას… გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს… [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო”, – უთხრა 2022 წლის 8 აგვისტოს ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
გამყრელიძე ცენტრის ხელმძღვანელად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში, 2013 წლის 7 თებერვლიდან დაინიშნა. ის ამ თანამდებობას იკავებდა იმაზე დიდ ხანს, ვიდრე რომელიმე მინისტრი ან პრემიერ-მინისტრიც კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში.
მას თანამდებობის დატოვება მოუწია იმ დროს, როცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იყო ზურაბ აზარაშვილი.
“ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს”, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძეზე საუბრის დროს 2022 წლის 5 აგვისტოს.
აზარაშვილი ს პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა მინისტრად, თანამდებობის დატოვება კი ირაკლი კობახიძის გაპრემიერებიდან რამდენიმე დღეში მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ