წელს, ტყის აღდგენაზე ₾4 მილიონი დაიხარჯება – სატყეო სააგენტო

ქვეყანაში ხე-ტყის მოვლა/აღდგენის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს. მათი ინფორმაციით, წლიდან წლამდე აღდგენის მასშტაბი მზარდია. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ყველაზე მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ბორჯომში ჩატარდა, სადაც ხანძარმა ტყის მასივი დააზიანა.
ნათია იორდანიშვილის თქმით, საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით წელიწადში ტყის მოვლა აღდგენის სამუშაოები 150 ჰექტარი უნდა იყოს, თუმცა მისი განმარტებით, ეს მაჩვენებელი საქართველოში წელიწადში 1500 ჰექტარს აჭარბებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ტყის აღდგენის სამუშაოები მაღალბიუჯეტიანი პროექტია და წელს ამ მიმართულებით 4 მილიონი ლარის დახარჯვაა გეგმაში.
“ტყის აღდგენა მაღალბიუჯეტიანი საქმიანობაა. თან აქ არ არის მთავარი მხოლოდ პირველი წლის ხარჯი, რადგან ჩვენ აღდგენილ ტერიტორიებს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობისთვის სამი და დარგვის შემთხვევაში 5 წელი ვუვლით ხოლმე. შესაბამისად, სწორედ ასეა გათვალისწინებული ხარჯები ეროვნული სატყეო სააგენტო ბიუჯეტში. ჩვენ აქეთკენ მივმართავთ როგორც სახელმწიფო სახსრებს, ასევე სააგენტოს საკუთარ შემოსავლებსაც და საკომპენსაციო გადასახადებსაც. მაგალითად, როდესაც რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი მეთოდოლოგიით ითვლება ეს გადასახადი და კანონისმიერი დათქმით ეს თანხა მხოლოდ ტყის მოვლა აღდგენას ხმარდება.
წელს ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ არ გაიზრდება წლის განმავლობაში საჭიროებების მიხედვით. საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია შეიძლება ითქვას,”- ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ იორდანიშვილი.