წელს მოსალოდნელია 3.4%-იანი ინფლაცია და 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა – ეკონომისტების პროგნოზები

2024 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის მთავარი მიგნებები PMC RC-მა გამოაქვეყნა.
პიემსი კვლევითი ცენტრის კვლევის მიხედვით, ქართველი ეკონომისტების მოლოდინით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2024 წელს საშუალოდ 5.3%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.4%-ია.
მომდევნო 6 თვის ბოლომდე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გამყარდება დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.
მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის შემცირება და იმპორტის მოცულობის ზრდა.
გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი შეფასება მცირედით გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის IV კვარტალის შეფასებასთან, ასევე, 2023 წლის I კვარტალის შეფასებასთან შედარებით. 2024 წლის I კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მცირედით დადებითია. მოლოდინი მცირედით გაუარესდა იმ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2023 წლის IV კვარტალში, თუმცა, საგრძნობლად გაუმჯობესდა 2023 წლის I კვარტალის უარყოფით პროგნოზთან შედარებით.