„ეს პრინციპულობა ამ კანონის მიმართ არადამაჯერებელია, უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე“ – ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ განვითარებაზე, ამაზე კი პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება.
„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ორთოიძემ მთავრობის არგუმენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დანაკარგების საპირწონედ არ განიხილება.
„ეს ის შემთხვევაა, როცა სამოქალაქო პოზიცია გვაქვს და აზრის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მაინც ვეცდები ეკონომიკური ჭრილით შევაფასო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, ამის გარეშე განვითარება შეუძლებელია.
ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში როგორი გამოწვევების წინაშე ვიყავით, ჯერ პანდემია, შემდეგ ს აგრესია, ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად სახელმწიფო უმკლავდებოდა ამ პროცესებს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ პანდემიის დროს ანტიკრიზისული გეგმა დროული და ეფექტიანი იყო. დღეს რაც ხდება, ამაზე როგორც მოქალაქესთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენელთან პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ცალსახად ეს უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ბიზნესზე. უძრავი ქონების სექტორი და იგივე ინვესტირები ძალიან მგრძნობიარეები არიან მსგავსი მოვლენების დროს. ჩვენ გვყავს ესტონელი ინვესტორები და დამერწმუნეთ დეტალურად ერკვევიან და კითხულობენ ყველაფერს. როცა ქვეყანაში ამდენი ხალხი გამოდის აქციებზე და არაჯანსაღი გარემოა, ეს მათი მხრიდან ძალიან სენსიტიურად აღიქმება.
ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ჩემთან არგუმენტები ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, თუ რატომ მივედით აქამდე, როცა რამდენიმე კვირის წინ მშვიდ გარემოში ვიყავით, რა არის ის საპირწონე რისთვისაც ეს ყველაფერი ხდება? და ეს პრინციპულობა ამ კანონის მიმართ ჩემთვის არადამაჯერებელია. გაცხადებული მიზანი რაც არის, რომ გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამ კონკრეტიკაში ვერ შევალ, ჩავთვალოთ რომ ეს საფრთხეები არსებობს და ამიტომ უნდა მივიღოთ, მაშინ იგივე ლოგიკით საფრთხეები შეიძლება არსებობდეს დასავლეთიდან ადამიანების შემოსვლის დროსაც, მაგ შემთხვევაში ჩავკეტოთ საზღვრები ან მკაცრი სავიზო დავაწესოთ, რას მივიღებთ? ძალიან დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა საფრთხეებს შევამცირებთ, დაახლოებით მაგასთან გვაქვს საქმე. საფრთხეების შემცირების გამო რისკის ქვეშ ვაყენებთ სახელმწიფოს იგივე ევროკავშირთან დაახლოების მხრივ და ამას ვერ ვხვდები რამდენად გვიღირს ეს? რამდენად არის ეს დღეს ქვეყნის პრიორიტეტი?
გასული წლის დეკემბერში მივიღეთ სტატუსი და დღეს მგონია, რომ ბიზნესიც, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც გადართული უნდა იყოს იმაზე, რომ ეს ვალდებულებები, რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ და ეს ენერგია, ეს დრო, ამას მოვახმაროთ. ჩემთვის ეს არის პრიორიტეტი და ამ ნაწილში მე ვერ მივიღე არგუმენტები თუ რატომ არის ეს საჭირო და რატომ არ შეიძლება ეს სხვაგვარად მოგვარდეს“, – განაცხადა ორთოიძემ.