„ჩვენი წევრების 90%-ს დაკისრებული ჯარიმები მოეხსნათ“ – ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

IT კომპანიების ნაწილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა მოეხსნათ. „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ იმ საქმეების ხელახალი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც კომპანიებს დაბეგვრის პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე, წინა პერიოდზე მოგების გადასახადის გადახდას სთხოვდნენ. საქმეების თავიდან განხილვის შედეგად კი კომპანიები ჯარიმებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ინფორმაციით, განხორციელდა კომპანიების დოკუმენტაციის ნაწილობრივი შემოწმება, კერძოდ ფულადი მიმოქცევის მოცულობაზე საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება დეკლარაციების შესწორების ვალდებულებაზე, რაც გულისხმობდა 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგვრას. კომპანიებს რეტროსპექტიულად გაუუქმდათ შეღავათი მოგების გადასახადში და მათ დაეკისრათ მოგების გადასახადის გადახდა წარსული პერიოდიდან, კერძოდ 2018 წლიდან მოყოლებული. იმის გამო, რომ კომპანიებმა პროდუქციის საქართველოში წარმოების ფაქტი ვერ დაადასტურეს,შემოსავლების სამსახურმა ასობით IT კომპანია დააჯარიმა.
„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, 2021 წლის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა რამდენიმე მეთოდური მითითება გამოსცა, მათ შორის ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა ბიზნესის მოთხოვნა საქმეების ხელახალი გადახედვის შესახებ. შედეგად, სამინისტრომ კომპანიების ნაწილს დაკისრებული ჯარიმა მოუხსნა.
„შემოსავლების სამსახურიც არ იყო მზად თავისი პოზიციების დასაბუთებაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ რამდენჯერმე გამოიცა შიდა მეთოდური მითითებები. მთლიანად ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით გამოცემულია სამი მეთოდური მითითება 2021 წლის შემდეგ. ორი მეთოდური მითითება ჩვენი მოსაზრებით, არ ასახავდა [რბილად რომ ვთქვათ] იმ რეალობას, რა რეალობაშიც ბიზნესმა შემდეგ უნდა გააგრძელოს ოპერირება. მესამე მეთოდურ მითითებაში მეტ-ნაკლებად მოხდა ჩვენი მოსაზრებების გაზიარება, რამაც განაპირობა ის, რომ მოხდა ამ კომპანიების საქმეების ხელახალი განხილვის პროცესი ანუ თავად ასეთი მიდგომა წამოვიდა სამინისტროდანაც, რომ მოხდეს ამ საქმეების ხელახალი განხილვა, და იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე მესამე მეთოდური მითითების არეალში მოექცეოდნენ მოხდებოდა მათი გადასახადების და ჯარიმების გადახედვა.
ჩვენი წევრების 90%-ს დაკისრებული ჯარიმები სრულად ან ნაწილობრივ მოეხსნათ. გარკვეული კომპანიები კვლავ რჩებიან დავაში და აგრძელებენ მათ შორის სასამართლოში დავას, თუმცა ამ მომენტისთვის სიტუაცია მეტ-ნაკლებად არის სტაბილური“,-აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში შორენა კოპალეიშვილი.
მისი თქმით, „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ პრინციპული პოზიციაა, რომ ინდუსტრია კანონმდებლობით უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ დარეგულირებული და არა შიდა ნორმატიული აქტების და ბრძანებების საფუძველზე.
ინფორმაციისთვის, „ვირტუალური ზონის პირის” სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, გათავისუფლებული არიან კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. წმინდა მოგების განაწილების დროს ამ სტატუსის მქონე კომპანიებს აქვთ მხოლოდ დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ასევე დაგაინტერესებთ