პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სამიზნე უნდა გასწორდეს – აკაკი ცომაია

„პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სამიზნე უნდა გასწორდეს“, – ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია გუშინ პარლამენტში ე.წ. „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას. მისი თქმით, 2011-2012 წლებში, პუტინს უწევდა მილიონობით ადამიანის პროტესტის ატანა, მაგრამ როგორც კი საპროტესტო მუხტი ჩაქრა, სათითაოდ დაერია ყველას და მთელი სისასტიკით გაუსწორდა. 29 აპრილს ბიძინამაც ზუსტად ეს გვითხრა ალალად. რომ დავიღლებით, მერე ყველას სათითაოდ გაუსწორდება.
„ვერაფერს მოგიწოდებთ. არც გავლენა მაქვს და არც პრეტენზია. მხოლოდ ჩემს აზრს გიზიარებთ და ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი შევთანხმდებით. ზღვა ენერგია უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ხელისუფლებამ დაუშვას ბევრი ფატალური შეცდომა, მაგალითად, როგორც ეს 30 აპრილს მოხდა. გუშინ, ბევრნი უნდა ვყოფილიყავით მაშინ, როდესაც კანონს მეორე მოსმენით იხილავდნენ და არა მას შემდეგ, როდესაც 83 დეპუტატადწოდებული გააპარეს.
პიკი უნდა ყოფილიყო დღის 12 საათი და არა საღამოს 10 საათი. პირველ რიგში, ამას ჩემს თავზე ვამბობ, რადგან 30 აპრილს დილის 5-მდე ვერ შევძელი გაჩერება. გუშინწინდელისგან განსხვავებით, გუშინ ხელისუფლება სწორად მოიქცა. ის 83 რომ გააპარა გვითხრა, რომ აწი თავში ქვა გიხლიათ, იყაყანეთ რამდენიც გინდათო. პარლამენტის შესასვლელებთან პოზიციების დაკავების მცდელობამ აზრი დაკარგა და შეცდომა იყო.
ხელისუფლებამ ეს კარგად გამოიყენა და მინიმალური რესურსების გამოყენებით შეძლო ადამიანების დარბევა. ამ მომენტში, არც სანაპიროების გადაკეტვა აღიზიანებს ძალიან და ესეც სწორი ტაქტიკაა. ვეტოს მოხსნამდე, ბიძინას ოქრო ის 83 დეპუტატადწოდებულია და მთელს სახელმწიფო და კერძო რესურსს დახარჯავს მათ დასაცავად (და ეს იმ 83-მა კარგად იცის და ძალიან მშვიდად გრძნობს თავს).
პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ სამიზნე უნდა გასწორდეს. ვხედავ, რომ აქციებს ლიდერები არ ჰყავს და არც არავინ გამოჩნდება. ამას თავის უპირატესობებიც აქვს, მაგრამ მაშინ იზრდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, რომ ენერგია სწორი მიმართულებით დაიხარჯოს. 2011-2012 წლებში, პუტინს უწევდა მილიონობით ადამიანის პროტესტის ატანა, მაგრამ როგორც კი საპროტესტო მუხტი ჩაქრა, სათითაოდ დაერია ყველას და მთელი სისასტიკით გაუსწორდა. 29 აპრილს ბიძინამაც ზუსტად ეს გვითხრა ალალად. რომ დავიღლებით, მერე ყველას სათითაოდ გაუსწორდება”, – წერს აკაკი ცომაია.

ასევე დაგაინტერესებთ