შორენა ბარბაქაძეს უცხოელ კონსულთა საზოგადოების ჯილდო გადასცეს

2024 წლის 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ნიუ – იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოების (Society of Foreign Consuls) ორგანიზებით, ინდოეთის გენერალურ საკონსულოში, გაიმართა საზოგადოების წევრი გენერალური საკონსულოების მიერ წარდგენილი წარმატებული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქ. ნიუ – იორკის მერიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას, სხვებთან ერთად, სიტყვით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ნიუ – იორკის მერიის კომისარმა ედუარდ მერმელშტეინმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, უცხოელ კონსულთა საზოგადოების ჯილდო გადასცეს ქ. ნიუ – იორკში ქართული კულტურული ცენტრის „ფესვების“ დამაარსებელს, შორენა ბარბაქაძეს.
„საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ და საზოგადოების პრეზიდენტმა ამნა ბინზაალ ალმჰეირიმ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, უცხოელ კონსულთა საზოგადოების ჯილდო გადასცეს ქ. ნიუ – იორკში ქართული კულტურული ცენტრის „ფესვების“ დამაარსებელს, შორენა ბარბაქაძეს.
საზეიმო ღონისძიება გაიხსნა ქართული ტრადიციული ცეკვით – „სამაია“, ანსამბლი „ფესვების“ შესრულებით.
ღონისძიების დასასრულს, გენერალური საკონსულოები მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძებითა და სასმელებით, ასევე წარუდგინეს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი საპრეზენტაციო მასალები“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქ. ნიუ – იორკში უცხოელ კონსულთა საზოგადოება 1925 წელს დაარსდა. ის წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს საკონსულოთა დაწესებულებას, რომელიც შედგება 115 საკონსულოს, გენერალური და საპატიო საკონსულოებისგან. უცხოელ კონსულთა საზოგადოება, ქ. ნიუ – იორკში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით სხვადასხვა კულტურულ-სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას.

ასევე დაგაინტერესებთ