“ქურთისტანის მუშათა პარტიამ” (PKK) გამოაცხადა, რომ წყვეტს ცეცხლს თურქეთის წინააღმდეგ

“ქურთისტანის მუშათა პარტიამ” (PKK) გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა თურქეთის წინააღმდეგ, რაც გამოცემა Hurriyet-ის თანახმად, დღეიდან შედის ძალაში. “ქურთისტანის მუშათა პარტია”, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი თურქეთში, -სა და ევროკავშირში, 1984 წლიდან აწარმოებს საბრძოლო მოქმედებს თურქეთის წინააღმდეგ, რათა მიაღწიოს ავტონომიის შექმნას თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის.

27 თებერვალს თურქეთის ციხეში მყოფმა ქურთების პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან თურქეთის ხელისუფლებასაც მოუწოდა, რომ “პატივი სცეს ეთნიკურ უმცირესობას, აზრის თავისუფლად გამოხატვისა და დემოკრატიული თვითორგანიზაციის უფლებას”.
PKK-ს განიარაღება შესაძლოა, მთავარი პოლიტიკური წარმატება იყოს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ედროანისთვის, – წერს New York Times-ი. PKK-ის განიარაღება აღმოფხვრის თურქეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს და გაზრდის ერდოანის შანსებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც მას საშუალებას მისცემს მესამე ვადით იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა 1980 წლის გადატრიალების შემდეგ მიღებული კონსტიტუციის განახლება. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ინკლუზიური და ლიბერალური.

თურქეთის მთავრობასთან დაახლოებული ჟურნალისტი, ჰანდე ფირათი წერს, რომ PKK-ის განიარაღების წარმატებული პროცესისთვის, ახალი მექანიზმები დაინერგება, რომლებიც რეალური დეესკალაციის გარანტიას შექმნის.
PKK 1984 წლიდან იბრძვის თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ანკარის, ასევე მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული.

თურქეთში ქურთთა ამბოხებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში მცხოვრები ქურთების რაოდენობა 15 მილიონამდეა.

აბდულა ოჯალანი, PKK-ს დამაარსებელი, 1999 წლიდან იმყოფება მარმარილოს ზღვაში, კუნძულ იმრელიზე მდებარე საპატიმროში.